დავით ნინიაშვილი ახალ კლუბში ითამაშებს. ქართველი ვარსკვლავი ამ სეზონს ლიონში დაამთავრებს, გაისად კი ფრანგული TOP 14-ის კიდევ ერთ კლუბს ლა როშელს შეუერთდება. ამის შესახებ განცხადება ლიონის პრეზიდენტმა იან რუბერმა გააკეთა: "დიახ, ის მიდის. ასეთია ცხოვრება. ცხადია, გული გვწყდება, რადგანაც ეს იმ მომენტს ჰგავს, როდესაც შვილი ოჯახს ტოვებს, თუმცა, ასეთი რამ ხდება. ეს ტრანსფერი მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა საჭირო მორაგბეები დავიმატოთ. ნინიაშვილს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა, ეს მომავლის ამბებია, მანამდე კი გვინდა, რომ ლიონში დარჩენილი სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაატაროს". აღსანიშნავია, რომ ლიონმა ეს სეზონი წარმატებულად დაიწყო და სასტარტო მატჩებსი მონპელიე და ბორდო დაამარცხა. დავითი ორივე შეხვედრაში გამორჩეული გახლდათ და მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს. ნინიაშვილი ლიონში 2021 წელს გამოჩნდა და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ 2022 წელს კლუბმა ჩელენჯ ქაფის მოგება მოახერხა. დავითს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც 2021 წელს ჰქონდა და მას მერე 31 მატჩი აქვს ჩატარებული. 2023 წლის მსოფლიო თასზე ის ბურთით დაფარული მეტრების მხრივ საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო.