ქოჩორაშვილი - სუპერგმირი ზუსტად ერთ წელიწადში

მითხრა, რომ ძალიან ღრმა, საინტერესო და დიდი შინაგანი ემოციის, გამორჩეული „დრაივის“ და სულიერი ძალის მქონე ადამიანს შეხვდა. თავიდან ვიფიქრე, ცოტას ხომ არ აჭარბებს-მეთქი. მერე გადაცემა ვნახე და ერთი საათის განმავლობაში ქოჩორაშვილის სახით ვუსმენდი ადამიანს, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს კი არა, თითქოს ფეხბურთში ბევრად უფრო დიდ, ცხოვრებისეულ, ცოტა ფილოსოფიურ თუ მსოფლმხედველობით რაღაცებს ხედავს. ანუ, თამაშობს, ნიშნავს ცხოვრობს და პირიქით. ეს დამოკიდებულება, ეს აღქმა იგრძნობა მის თამაშში. ამ ამბავს დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა, რომ არა მისი თამაში და ის გავლენა, რაც გიორგი ქოჩორაშვილს ამ ერთ წელიწადში ეროვნულ ნაკრებზე აქვს. მისი ეს გამორჩეული შინაგანი ძალა და მონდომება რომ არა, მეეჭვება, ვინმეს ასეთი სწრაფი პროგრესი განეცადა.

რაღაცებს, რაც კვარას აქვს, ვერ ისწავლი. ან გაქვს, ან არ გაქვს. აი, ქოჩორას ისტორია უფრო სახალხო ამბავია. იმიტომ, რომ ქოჩორა შეიძლება გახდე შრომით, მონდომებით და, პირველ რიგში, აი, იმ შინაგანი ძალით და რწმენით, რასაც ასხივებს.

მსგავსი სიახლეები